First Steps

რა მალე იზრდება.

Posted in ვიძიუ | 20 Comments

“იმედი” და ბრბო

“იმედი” ბოლოს კი არა, პირველი უნდა კვდებოდეს (ც) ლევან17

არც ვიცი, პოსტის წერა როგორ დავიწყო, ისე ვარ გაბრაზებული.

ორი წუთის წინ შემოვდგი სახლში ფეხი, “იმედის” წინ გამართულ აქციაზე ვიყავი.

მათთვის, ვინც სხვა სამყაროში ცხოვრობს და არ იცის, რა ხდებოდა – “იმედზე” დღეს, 8 საათზე “იმიტირებული ქრონიკა” გავიდა, ოღონდ ის, რომ იმიტირებული იყო… პრინციპში საერთოდ არ ჩანდა. არანაირი წარწერა, არაფერი. კოკოითი დაჭრილია, ქართული და რუსული ჯარები ახალგორთან არის, ხალხი სააკაშვილის გადადგომას მოითხოვს, მედვედევი აცხადებს, რომ სააკაშვილი უნდა შეაჩეროს და ა.შ. ვისაც გაინტერესებთ, აი პირდაპირი ლინკი და დატკბით.

საზოგადოებაში ამან სრული პანიკა გამოიწვია. იძახებდნენ სასწრაფოებს, გარდაიცვალა ერთი ქალბატონი. შესაბამისად, გასაგებია ის რეაქცია, რაც ყველას ჰქონდა მას შემდეგ, რაც საბოლოოდ გაირკვა, რომ ეს ყველაფერი ‘იმიტაცია’ იყო.

მე არ მჯერა, რომ “იმედმა” არ იცოდა, რას გამოიწვევდა ეს ყველაფერი ხალხში. იმ კოშმარის ახლიდან განცდა, რაც ხდებოდა თბილისში 2008 წლის აგვისტოს – თან ასე რეალურად განცდა. ასევე არ მჯერა, რომ უფრო “ზემოთ” არ იცოდნენ ამ ‘იმიტაციის’ შესახებ.

ფეისბუქზე სრული ისტერია იყო, ფორუმ.გეს სერვერი გადატვირთვისგან საერთოდ დაეკიდა და ფაქტიურად შეუძლებელი იყო შესვლა. ყველა “ტკბილად” მოიხსენიებდა იმედს, არველაძეს და ყველა იმედში მომუშავეს, განსაკუთრებით მათ, ვინც ამ გადაცემასთან შეხება ჰქონდა. ფეისბუქზევე გავრცელდა ინფო, რომ 22:00-ზე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იმედთან მისვლას აპირებდა.

მეც წავედი – საკუთარი პოზიციის გამოსახატად, თუმცა უფრო მაინც იმისთვის, რომ მობილურით შევსულიყავი იქიდან ფბ-ზე და გამეგებინებინა ონლაინ მყოფი ხალხისთვის, რა ხდებოდა.

მეგონა, რომ 10-20 კაცი ვიქნებოდით მხოლოდ, ცივა, ბნელა, სველა და დაეზარებათ-მეთქი ყველას, ასე ონლაინ მაგრები ვართ ლანძღვაში, ტაკოს აწევა მაინც ყველას გვეზარება. ამიტომ მაგრად გამიკვირდა, ლუბლიანას ქუჩაზე მთელს ჩაყოლებაზე ორივე მხარეს ჩამწკრივებული მანქანების დანახვა. პატრულიც იქვე იყო და არეგულირებდა მოძრაობას.

“იმედის” ეზოშიც ბლომად ხალხი დამხვდა, შეუძლებელია ვთქვა, რამდენნი იყვნენ, 300-500. ცალკე მხარეს იდგნენ მღვდლებიც. ყველა გაბრაზებული იყო, ერთმანეთს უყვებოდნენ, რა იგრძნეს, რა იფიქრეს და როდის მიხვდნენ, რომ ‘შაყირი’ იყო. ყველას ნალაპარაკევი ერთმანეთს ჰგავდა და აგვისტოს ომის დროინდელი ემოციები მახსენდებოდა სულ.

ოპოზიციამ, რა თქმა უნდა, შანსი ხელიდან არ გაუშვა და უხვად წარმოგვიდგა, ასე ვთქვათ. თუმცა მთავარი ფიგურა ბურჯანაძე იყო. ჩემი მეგობარი, რომელიც იქ დამხვდა, საერთოდ გამოეცალა და ცდილობდა მოშორებით დამდგარიყო, მაგ ქალის გვერდით არ ვიქნებიო.

თუმცა მისნაირი, სამწუხაროდ, იმ აქციაზე ცოტა აღმოჩნდა.

რაღაც მომენტში ღობის მეორე მხარეს აღმოვჩნდი, ბურჯანაძე კი იქით ინტერვიუს აძლევდა “ჩვენი ხალხი… ბლა ბლა”. ძალიან გავბრაზდი, ყელში მომიჭირა ბრაზისგან და გადავძახე: “წადი რუსეთში, რა!”

და აქ დაიწყო ყველაზე საინტერესო ნაწილი, რომელზეც უფრო მეტად ვარ გაბრაზებული, ვიდრე “იმედის” იმბეცილიზმზე. ჩემ გვერდით ხალხი მომიტრიალდა და რატომ ამბობ მაგასო, შემიტიეს. მე ვეცადე ამეხსნა, მე აქ ვარ “იმედის” წინააღმდეგ, მაგრამ არა ბურჯანაძის გვერდით, მისნაირების გვერდით მე არასდროს ვიქნები და ნუ იყენებს ამ ფაქტს, ამ ხალხს, თითქოს მას დაუჭირა ვინმემ მხარი.

გამოხტა ერთი ქალი წიოკით: “პროვოკატორო, პროვოკატორო! მიშას მოგზავნილო აგენტო!!! გემჩნევა შენ ვინც ხარ!”

ვინ ვარ-მეთქი, თქვენნაირად მოსული “იმედის” დღევანდელი საქციელის გასაპროტესტებლად, აი ეს ქალი კი ნაღდად რუსეთის აგენტია და იქვე უნდა წავიდეს-მეთქი. თუმცა კლიმაქსმოპარული ქალები ისევ ქოთქოთებდნენ და “წადი, წადი აქედან, პროვოკატორო!”-ს იძახდნენ, მოგვასმენინე, რას ამბობს ბურჯანაძეო.

მე აბსოლუტურად გავოგნდი, რომ ჩემს, ჩემი აზრით, სწორ განცხადებას – იმას, რომ ახლა მე იმედის წინააღმდეგ ვდგავარ აქ და არა ბურჯანაძის გვერდით, ამხელა ჩოჩქოლი მოჰყვა. შენ ვინ ხარო, რომ მკითხეს, აქ შევცდი, ჟურნალისტი ვარ-მეთქი, რამ მათქმევინა, არ ვარ და არასდროს ვიქნები, მაგრამ სანამ ბლოგერს ავხსნიდი… და უცებ გამომიხტა ერთი ახალგაზრდა რიჟა ბიჭი, მერე ჟურნალისტი რომ ხარო, არ უნდა იცოდე, რისთვის წავიდა ბურჯანაძე რუსეთშიო? მოსალაპარაკებლადო! აყვა ეს ბრბო, ხოო ხოო, ჩვენ გვინდა მოლაპარაკება, აბა ომი გვინდა? რუსეთთან უნდა ვიმეგობროთ!

აქ მე უკვე არ ვიცი, რა დონის გამოლეღვებული ვარ გაოგნებისგან, თან ვიღაც გოგომ ლამის ცხვირზე მომადო მობილური და სურათი გადამიღო (თუ სადმე შეგხვდათ ონლაინ ჩემი ფოტო წარწერით “პროვოკატორი”, გამარჯობა :ხელისდაქნევა:), გაოცებული, რომ ეს ხალხი ვერ იაზრებს, ამათ ისევ 37 მანეთიანი ფრენები უნდათ ყველაფრის ფასად… და რომ მეგონა, რომ არავის უნდა იქ ბურჯანაძის გვერდით დგომა, ის უბრალოდ მოეხეტა და შემოეკვეტა… ტყუილად მეგონა თურმე.

ისე გავბრაზდი, მეტის ღირსები ხართ, გაგიმარჯოთ თქვენს გზაზე რუსეთისკენ-მეთქი და გამოვედი.

გარეთ დამხვდა მეგობარი, რომელმაც მითხრა, აგერ წეღან, სანამ იქ იყავი ნტვ-ს ჟურნალისტი ინტერვიუს იწერდა ვიღაც ქალისგან და ის ქალი ამბობს, “ნაროდ პროწივ სააკაშვილიო”. ძალიან გაბრაზდნენ და იმ ჟურნალისტს ელოდებოდნენ მერე, როგორც გავიგე, წაუთაქეს კიდეც.

ჰო,  ძალიან გაბრაზებული ვარ, ოღონდ რაზე უფრო – “იმედზე” თუ იმ ბრბოზე – არ ვიცი.

Posted in Just, რა | 76 Comments

Not That Blog

გადავეჩვიე აქ წერას. წეღან აღწერაც შევუცვალე ბლოგს, ზემოთ, სათაურთან “ეს ის ბლოგი აღარ არის” დავაწერე.

კომენტარები რომ გავუთიშო, რა მოხდება, დიალოგიდან მონოლოგში რომ გადავიტანო.

ცუდია, სამსახურ(ებ)ზე ვერ ვწერ, არაეთიკურია, პირადზე ვე(ღა)რ, იმიტომ, რომ, როგორც facebook იტყოდა – It’s Complicated. სხვა ბლოგებზე ვეღარ ვწერ, დიდი ხანია არაფერი წამიკითხავს. ხოდა ეს ის ბლოგი აღარ არის.

ვილიმ დღეს მაგრად დამღალა, ერთი წამით არ გაჩერებულა, ბზრიალებდა, თუ ყურადღებას არ მივაქცევდი – ფეხების ბაკუნს იწყებდა და მერე ჭიჭყინებდა. ბოლოს ჩაის ჭიქა გადმოაპირქვავა მაგიდაზე, მუხლებზე რომ მეჯდა და ჩემი ლეპტოპი სულ სულ ოდნავ გადარჩა. რაც იზრდება, ჩემი კომპიუტერის ნორმალური არსებობის შანსები მცირდება და მცირდება.

ყველა ერთმანეთს შორდება, რა უბედურებაა. ან იქნებ – რა ბედნიერებაა.

Posted in Just, რა

Short one

სჯობს მოკლე, ვიდრე არასდროს.
(c) ბლოგერული ფოლკლორი

მთელი ჩემი გონება ამოტენილია “ნიჭიერით.” ეს არის ერთადერთი გამართლება, რაც მაქვს ბლოგზე ვერ/არწერისათვის. ამიტომ წეღან თინიმ “მიჯიკა” და ვწერ ამ მოკლე პოსტს.

ზოგმა ალბათ იცით, რომ “ნიჭიერისთვის” ვებ-პრომოუშენის კეთება ჩემს ხელთ მოხვდა. ეს ძალიან მიხარია რამდენიმე მიზეზის გამო: პირველი პროექტი, რომელსაც ამხელა ონლაინ-მხარდაჭერა აქვს, უდიდესი გამოცდილება, რომელსაც ვიღებ ინტერნეტ-მარკეტინგში, პროექტის “შიდა სამზარეულოში” სადილობის შესაძლებლობა და თვითონ პროექტის საინტერესოობა (You can’t fail here..).

პარალელურად ტრენინგებიც მაქვს, მაგალითად, წინა კვირაში, ორშაბათსა და სამშაბათს “კავკასიური ინსტიტუტის” ორგანიზებით ჩავატარე ტრენინგი სოციალურ მედიაში რეგიონის ჟურნალისტებისთვის. ეს ტრენინგი გამორჩეული იმით იყო, რომ რუსულ ენაზე მიდიოდა და მაინც კარგი გამოვიდა.

ყველაზე მეტად მიხარია ხოლმე, როდესაც ის ადამიანები, ვინც ტრენინგებს ესწრებიან, შემდეგ მეილს მწერენ, რომ გამოადგათ ჩემი ნასწავლი. ამით ვზომავ “სიკარგეს”.

და, მოკლე პოსტის ბოლოს, “ჭოჭინა” ხომ იცით, რა არის? ყველაზე მაგარი გამოგონება დედამიწაზე! მე და ვილი უკიდურესად ბედნიერები ვართ – ის იმით, რომ შეუძლია სახლის ერთი ბოლოდან მეორეში დამოუკიდებლად გადაადგილება, უჯრებში შეძვრომა და ნაპოვნი მაუსების ღეჭვა და მე იმით, რომ ის ბედნიერია.

Posted in Just, რა | Tagged , , , , , | 19 Comments

ვირუსული ვიდეოები

ბოლო სამი დღის  ვირუსული ვიდეოები ქართულ ვებსივრცეში:

/ვირუსული ვიდეო (viral video): ვიდეო, რომელიც ინტერნეტში პოპულარული ხდება, როგორც წესი – ინტერნეტ-გვერდებზე, სოციალურ ქსელებში, ბლოგებზე დადებისა და გაზიარების შედეგად./

1. “თევზი” – ვიდეო, რომელზეც გავრცელდა ჭორი, რომ რუსთავი2-ის სერვერიდანაა მოპარული. სინამდვილეში ის სერვერი არავის გაუტეხავს, უბრალოდ ვიღაცამ ფლეშკით ან სიდით ხელს გააყოლა “ნიჭიერის” ოფისიდან, როგორც ჩანს.

2. ნიკა გრიგოლიას გაშარჟებული “ღამე შორენასთან”:

3. ქართული “გეიფი” [პატარა ბავშვებისთვის ვიდეოს ნახვა რეკომენდებული არ არის]

Posted in ვიძიუ | Tagged , , , , , , , , , , | 38 Comments

Pic from FB

იოკო ონო, ენდი ვარჰოლი, ჯონ ლენონი

ერთი გოგონას კომენტარი ფოტოზე:

აი ასე, იოკო, ენდი, ჯონ, არ უნდა გადაგეღოთ ეს ფოტო და მშვენიერი სოფიას პატივისცემასაც არ დაკარგავდით!

/მადლობა მოდუსს გაზიარებისთვის./

Posted in Just, რა | Tagged , , , | 33 Comments

უქნივიზმი

Slacktivism – is a portmanteau formed out of the words slacker and activism. The word is considered a pejorative term that describes “feel-good” measures, in support of an issue or social cause, that have little or no practical effect other than to make the person doing it feel satisfaction. The acts also tend to require little personal effort from the slacktivist.

Examples of activities labeled as “slacktivist” include signing internet petitions, the wearing of wristbands (“awareness bracelets”) with political messages, putting a ribbon magnet on a vehicle, joining a Facebook group, posting issue-oriented YouTube videos, altering one’s personal data or avatar on social network services, or taking part in short-term boycotts such as Buy Nothing Day or Earth Hour.

(c) Wikipedia

მოვიფიქრე slacktivist-ის ქართული შესატყვისი:

უქნივისტი – უქნარა აქტივისტი.  ქართველ უქნივისტებს უყვართ დღეში სამი-ოთხ ინტერნეტ პეტიციაზე ხელის მოწერა, ფეისბუქის გვერდებზე გაწევრიანება – “ვებრძოლოთ მკერდის კიბოს!”, “გავიდეს უკანასკნელი რუსი ჯარისკაციც საქართველოს ტერიტორიიდან!” და ა.შ.

ყოველ საღამოს, ქართველი უქნივისტი საკუთარ თავს რომ ჰკითხავს, აბა მე დღეს ვის რა ვარგეო, საკუთარივე თავი უპასუხებს, რომ ის იმ დღეს ებრძოლა მკერდის კიბოს, ერთი კლიკით დააპურა მშიერნი, ხელი შეუწყო რუსული ჯარის საქართველოდან გასვლას – და გულდამშვიდებული დაიძინებს.

პატივისცემით,

რიგითი ქართველი სლაქტივისტი/უქნივისტი

Posted in Just, რა | Tagged , , , , , , | 23 Comments

აკრიბოფობია

ფობიების ჩამონათვალს შორის, რომელიც ხშირად ვირუსულად კოპირდება ხოლმე აქეთ-იქით [კიდევ ერთი "ვირუსული" საკოპირებელი მასალაა "უცნაური კანონები" და ერთი ბლოგერის მიერ დაწერილი "მხოლოდ საქართველოში"], ოდესღაც თვალი მოვკარი ერთს: აკრიბოფობია – წაკითხულის შინაარსის ვერგაგების ფობია.

თავის დროზე ძალიან გამახალისა. თუმცა ხანდახან ბლოგებზე (მათ შორის, ჩემს ბლოგზე) დაწერილ ზოგ კომენტარს რომ ვკითხულობ… ძალიან, ძალიან ბევრს უნდა ჰქონდეს ეს ფობია.

Posted in Just, რა | Tagged , , , | 6 Comments

Birthdays

გუშინ ჩვენს ვეტერან ბლოგერს, დვორსკის შეეძინა (შეესყიდა, შეექირავა) გოგო.

გიგა, გილოცავ. რაც მთავარია, ბავშვი არის თხის რქა. და ჯანმრთელი.

:D

დღეს, ანუ 13 იანვარს ჩემი დაბადების დღეა, 24 წლის გავხდი. რამდენიმე მეგობართან ერთად რაღაც როკ-კლუბში წავალთ 9 საათზე, რომლის event invitation აქტიურად მომდიოდა ფეისბუქზე და მერე აღმოვაჩინე, რომ ყველა მანდ მიდის, ვისთანაც გამიხარდებოდა საღამოს გატარება.

რას ვუსურვებდი საკუთარ თავს დაბადების დღეზე?

დოდ, გილოცავ და გისურვებ, ისწავლო დროისა და ფულის სწორი მენეჯმენტი.

Posted in Just, რა | Tagged , , , , , , | 36 Comments

Food is Good

ფორუმზე კულინარებში ვიბლატავე, ფეისბუქზე გავამარიაჟე და ბლოგის ზიგზაგური პერიოდის გამო, აქაც დავდებ. ჩემ მიერ დღეს შექმნილი ვაშლის პეროგი:

ის, რითიც სამოთხეში იკვებებიან. თუ სამოთხე არსებობს. თუ სამოთხეში ვინმეს შია.

კულინარიულ თემას გავაგრძელებ. ჩემში აღფრთოვანებას იწვევენ ადამიანები, რომლებსაც ჩვეულებრივი ინგრედიენტებით სასწაულების შექმნა შეუძლიათ. ერთი მათგანია ფორუმელი “რთული”, კულინარიის განყოფილების მკვიდრი. მისი დღევანდელი საუზმის ფოტო [სოსისი და კვერცხი]:

ერთი ჩვეულებრივი საუზმე

ჩვეულებრივი საუზმე

P.S.: Julie and Julia – ეს ფილმი ნახეთ? ზეა! კულინარიაზეც ვგიჟდები და ბლოგინგზეც – მინდოდა, რომ ფილმი არ დასრულებულიყო არასდროს.

Posted in Just, რა | Tagged , , , , , | 23 Comments

სამოთხის ვაშლები

დღეს დილით პირდაპირ ეთერში ვიყავით მე და კიბორგა, გადაცემა – “სამოთხის ვაშლები” პირველ არხზე. ამ ბოლო თვენახევრის მანძილზე მესამედ ვარ პირველი არხის ეთერში და ეს ცუდის ნიშანია ნეტა თუ კარგის?ალბათ უფრო ცუდის.

თემა იყო ინტერნეტის საშუალებით შექმნილი ოჯახები. ერთი 5-ჯერ მაქვს უარი ამ თემაზე სტუმრობისთვის რაღაც გადაცემებში, ამჯერადაც ვეცადე თავის დაძვრენას და ერთი ჩვენი ნაცნობი ოჯახი შევთავაზე – სამისო თემაა-მეთქი, მაგრამ აარაო, იდიოტობებს იტყვიანო. ბოლოს დავნებდი ზაუტაშვილს და დღეს ვიყავით გადაცემაში (სამაგიეროდ თვითონ გადაგვაგდო – 4 წამყვანიდან ერთ-ერთი თვითონაა და არ მოვიდა :D ).

გადაცემაში სტუმრობის ყველაზე სასიამოვნო მხარე მაკიაჟია, მოწმენდა მენანება ხოლმე, ისე მომწონს, რაც გამოდის. თუმცა ალბათ კიბორგა ამაში შემედავება, თვითონ რაღაც ძალიან ბედნიერი სახე არ ჰქონდა, მაკიაჟს როცა უკეთებდნენ.

ჰო, გადაცემა დაიწყო მას შემდეგ, რაც ვიღაც კაცმა დაამთავრა საუბარი შარდზე, ცისტიტზე, პროსტატიტზე და ა.შ. :D

სახელიც და გვარიც სწორად წერია. WOW

პრინციპში, ცუდი არ გამოვიდა, ცოტა ერთი წამყვანი, ნანა ფაჩუაშვილი უცნაურობებს ამბობდა ხოლმე, მაგრამ მისი ასაკიდან გამომდინარე ალბათ ასეც იყო ჩაფიქრებული.

აი იმ გადაცემის ლინკი, მერე ამოვჭრი ჩემს ნაწილებს და დავდებ, მთლიანად მეც კი არ მინახავს, დამეზარა.

დღეს კიდევ გემრიელი კატლეტი გავაკეთე და მერე რადიო “პალიტრაში” ვიყავი, ოღონდ იქ გადაცემაში არა, იქ უკვე საქმეზე.

Posted in ვიძიუ | Tagged , , , , , , | 45 Comments

ზიგზაგი

ცოტა უნდა წავიექსპერიმენტო ბლოგზე, ამიტომ არ გაგიკვირდეთ, თუ შემოხვალთ და ბევრი პოსტი ერთად დაგხვდებათ. უნდა ვიექსპერიმენტო პოსტების სიხშირეზე, სიგრძეზე, სტილზე და ა.შ. რადგან აშკარად ცოტა შეჯანჯღარება მჭირდება, “ზიგზაგი”.

რა არის “ზიგზაგი”?

თუ არ ვცდები, ოდესღაც ვლადიმერ ლევთან ამოვიკითხე წიგნში აუტოტრენინგის შესახებ.

ზიგზაგი არის სიტუაცია, როდესაც აცდები დადგენილ რუტინას, გზას, ცხოვრების წესს. მაგალითად, თუ სულ დგები 8 საათზე, ზიგზაგის დროს უნდა ადგე 6-ზე, თუ ყოველ დილით სვამ ყავას, ზიგზაგის დროს უნდა სვა ჩაი და ა.შ.

ზიგზაგი ეხმარება ადამიანს გადახალისებაში, ამ ბლოგს კი ეს ნაღდად სჭირდება, უფრო სწორედ – მჭირდება. კომენტარებშიც დაიწერა, ამ ბოლო დროს უფრო ხშირად ვასწავლი ბლოგერობას, ვიდრე მე თვითონ ვბლოგერობ.

ბოლომდე გულწრფელი ვიქნები თან, ბლოგის მკითხველების რაოდენობის ზრდასთან ერთად ცოტა სტრესიც იმატებს – გინდა, რომ ხარისხიანი კონტენტი შესთავაზო შემომსვლელებს. რაც ყოველდღე ძალიან ძნელია, ან მე ამოვვარდი ბლოგერული რეჟიმიდან.

მოკლედ, ვიწყებ ზიგზაგს და ამ ზიგზაგის პირობებში როდესაც რაიმე ბლოგზე დაკომენტება მომინდება, ან ვინმესთან ჩხუბი, ან საინტერესო ლინკის გაზიარება – შევეცდები ეს ყველაფერი ბლოგზეც გადმოვიტანო ხოლმე.

Posted in Just, რა | Tagged , , , , , | 20 Comments

ყველა ბლოგერს!

ჯერ კიდევ სულ ცოტა ხნის წინ ჩემი ოცნება იყო მეკეთებინა ის საქმე, რაც მიყვარს და ამაში ფულიც მიმეღო. ჩემს შემთხვევაში – ვყოფილიყავი ბლოგერი და მქონოდა აქედან შემოსავალი.

უამრავი ახალი ბლოგერი გამოჩნდა ბლოგოსფეროში და დარწმუნებული ვარ, ჩემს ამ (პრინციპში უკვე შესრულებულ) ოცნებას ბევრი იზიარებს.

ამიტომ ძალიან მიხარია, რომ მაქვს შესაძლებლობა ცოტათი მაინც დაგეხმაროთ ოცნების ახდენაში. თუ ყველა თქვენგანს არა – სამს მაინც.

რუსთავი2-ზე პირველი თებერვლიდან იწყება ახალი შოუ, “ნიჭიერი”, რომელიც არის “got talent”-ის ანალოგი. ვესწრები რა კასტინგებს, გარწმუნებთ, რომ ძალიან საინტერესო და სახალისო შოუ იქნება.

“ნიჭიერს” ექნება საკუთარი ბლოგიც – www.nichieri.ge (ამ მომენტში გაშვებული არ არის, მხოლოდ საკონკურსო გვერდია).

ბლოგისთვის კი სამი  ბლოგერი გვჭირდება, რომლებიც პროექტის განმავლობაში ყოველი გადაცემის შემდეგ, კვირაში ერთხელ ბლოგზე დაწერენ რევიუს და მიიღებენ თითო პოსტში 20 ლარს.

მგონი დასაწყისისთვის არაუშავს, ხო?

მოკლედ, სასწრაფოდ შედით ამ გვერდზე და დაიწყეთ თქვენს საკონკურსო პოსტზე ფიქრი!

წარმატებებს გისურვებთ!

Posted in Web | Tagged , , , , , | 34 Comments

2009 – Overview

ძალიან მიყვარს წლის ბოლოს შემაჯამებელი პოსტების კითხვა ბლოგებზე. ჩემი შარშანდელი პოსტიც მიყვარს, რომელსაც სტატისტიკის მიხედვით, მთელი წლის განმავლობაში აქტიურად კითხულობდნენ…

ყოველ წელს ვამბობ, რომ ეს წელი წინა წელზე უკეთესი იყო – და იმედია სიცოცხლის ბოლომდე ასე გაგრძელდება.

2009 წელმა უამრავი რამ შეცვალა ჩემს ცხოვრებაში. მართალია შარშან დადებული საახალწლო რეზოლუციის უდიდესი ნაწილი ვერ/არ შევასრულე, მაგრამ მაინც ძალიან კმაყოფილი ვარ.

  • იანვარში პირველად ვიყავი ტელეეთერში სტატუსით “ბლოგერი” [ია ანთაძის ბოლო გადაცემა მაესტროზე, "პროფესია ჟურნალისტი", პირდაპირ ეთერში];
  • იანვარშივე პირველად მქონდა ჯერ ლექცია-შეხვედრა, შემდეგ კი ვორქშოფი სახალხო დამცველის ოფისში თ.ს.უ-ს ჟურნალისტიკის სტუდენტებთან;
  • აპრილში დაიწყო საპროტესტო მიტინგები. დავწერე ამ აქციების საპროტესტო მანიფესტო, რომელიც საკმაოდ ვირუსული გახდა ინტერნეტში.
  • აპრილშივე დავაარსე ნი2 ნიუსი, რომელშიც შემომიერთდა საბა და მოგვიანებით – ყვავა;
  • მაისში ჩატარდა ბლოგერების მინი-ბლოგკემპი ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოში” ჩემი ორგანიზებით;
  • მაისშივე ჩემს ბლოგზე დაიწერა მე-5000 კომენტარი, რომლის ავტორი იყო თინი და საჩუქარიც მიიღო. (შემდეგი საჩუქარი, რომელიც უკვე მოფიქრებული მაქვს, მე-10 000 კომენტარს ელის. სტატების მიხედვით, ეს აუცილებლად მოხდება წელს);
  • ივნისში კიდევ ერთხელ შევიცვალეთ ბინა;
  • დავესწარი TOL-ის მიერ ორგანიზებულ ტრენინგს სოციალურ მედიაზე, მქონდა პატივი გამეცნო ისეთი გურუები, როგორებიც არიან დენ მაკმილანი და კევინ ანდერსონი.
  • ამავე თვეს ცხოვრებაში პირველად მოვიტეხე ფეხი;
  • და ასევე ცხოვრებაში პირველად 4 დღის მერე საკეისროთი გაჩნდა ვილიამი.
    /მე და თაა, რომლის ბლოგსაც შეიძლევა კითხულობთ, ერთი და იგივე სამშობიაროში ვიყავით, ვილი და ვიკი ზუსტად ერთ დღეს გაჩნდნენ და ზუსტად ერთ დღეს გამოეწერნენ “ჯანმრთელობის სახლიდან”. /
  • ივნისის ნაწილი და თითქმის მთელი ივლისი ლოგინში გავატარე ფეხმოტეხილმა ვილისთან ერთად, კიბორგა ორივეს გვივლიდა.
  • ივლისში დაიწყო ფონდი “ღია საზოგადოება საქართველოს” პროექტი ჩემი მონაწილეობით, რომლის შედეგიცაა blogroll.ge.
  • ივლისის ბოლოს ნი2-ნიუსის ხილვის შემდეგ დაგვიკავშირდნენ “იმედიდან“, უფრო სწორედ, “ღამის შოუს სტუდიიდან”. ერთთვიანი თუ რამდენიც იყო, მოლაპარაკებები და “კიდევ ვცადოთ”-ები უშედეგოდ დამთავრდა. ის, რომ დაგვიძახეს, ძალიან სასიხარულო იყო, თუმცა მივხვდი, რომ სცენარისტობა, მითუმეტეს რაიმე “სასაცილოების” მოფიქრება ჩემი საქმე საერთოდ არ არის.
  • მალევე მომწერა კიდევ ერთმა ჯგუფმა, რომელიც “მზისთვის” ამზადებენ იუმორისტულ გადაცემებს. ერთი ვიზიტი საკმარისი იყო ჩვენთვის, რომ დიდი, მსუქანი “არა” გვეთქვა მათთვის (სინამდვილეში არ გვითქვამს, უბრალოდ აღარ დავუკავშირდით).
  • რამდენიმე ხნის შემდეგ დილის 9 საათზე გამაღვიძა შალვა რამიშვილმა, რომელსაც ჩემი ბლოგი უნახავს. შემომთავაზა მასთან მუშაობა, მაგრამ, სამწუხაროდ, მის ინტერესებში ინტერნეტი არ შედის, ჩემი დრო კი საკმარისად ძვირფასია და მას ვინმეს პირად ასისტენტობაზე არ დავხარჯავდი, ამიტომ ეს ურთიერთობა დროებით გაიყინა.
  • ოქტომბერში ფონდი “ღია საზოგადოება საქართველოს” პროექტის მეორე და მესამე ეტაპი განხორციელდა. მეორე ეტაპის ფარგლებში ჩავატარეთ ლექციები ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტში, Gipa-ში, კავკასიის მედიასკოლასა და თ.ს.უ-ში.
  • მესამე ეტაპი კი “ახალი მედიის ფორუმი” იყო, სადაც ერთ-ერთი პრეზენტატორი მე ვიყავი. ფორუმმა ძალიან კარგად ჩაიარა, უამრავი საინტერესო ადამიანი გავიცანი და რამდენიმე შემოთავაზებაც მივიღე. უმეტესობა უარვყავი, რადგან დილიდან საღამომდე ოფისში ჯდომის არსი არ მესმის იმ საქმეებისთვის, რისი გაკეთებაც სახლიდანაც შემიძლია.
  • “ახალი მედიის ფორუმზე” გავიცანი ონიკ კრიკორიანი, რომელიც რამდენჯერმე მყავს ნახსენები ბლოგზე. ონიკმა “გლობალ ვოისეზ ონლაინისთვის” სამი ქართველი ბლოგერისგან ინტერვიუ აიღო, ერთ-ერთი მე ვარ.
  • იმავე ფორუმზე გავიცანი იაკუბ გორნიცკი, რომელმაც გააკეთა ონლაინ-ლაივსტრიმინგი ჩვენი მონაწილეობით. ასე დაიბადა “კოსმოშოუ”.
  • ნოემბერში მქონდა პატივი მიმეღო მიწვევა “world blogging forum 2009″-დან, რომელიც რუმინეთში ტარდებოდა. თუმცა რუმინეთის ვიზას თბილისში ზაფხულის მერე არ გასცემენ, ამიტომ მომიწია
  • თურქეთში სრულიად მარტო მგზავრობა ვიზის მისაღებად. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო თავგადასავალი, რაც კი გადამხდენია ოდესმე.
  • მსოფლიო ბლოგინგის ფორუმზეც უამრავი საინტერესო ადამიანი გავიცანი სხვადასხვა ქვეყნებიდან და იდეებით დავიტვირთე.
  • ნოემბერი – თვე, როდესაც ცხოვრებაში პირველად ვიჯექი გემზე, ვიფრინე თვითმფრინავით და ვიყავი სტრიპტიზ-კლუბში.
  • ამავე თვეს გავხდი Global voices online-ს ავტორი საქართველოდან. მიზნად მაქვს, უფრო მეტი ვწერო მათთვის ამ წლიდან.
  • მოხდა შეთანხმება რუსთავი2-თან – მათ ერთ პროექტს ინტერნეტ-მხარდაჭერას ვუკეთებ.
  • დეკემბერში ჩავატარე ორდღიანი ტრენინგი ქუთაისში სოციალური მედიის თემაზე.
  • შორენამ მიმასპინძლა ქუთაისის რადიო “ძველი ქალაქის” დილის ეთერში
  • ვიყავი I არხზე გადაცემაში “აქცენტები”
  • ასევე I არხზე – გადაცემაში “ჩვენი ეზო”.
  • ჩავატარე ლექციები გაუს პიარ სკოლაში ინტერნეტ-მარკეტინგისა და სოციალური მედიის შესახებ
  • მივიღე მონაწილეობა პროექტში, რომელიც სამხრეთ კავკასიაში მშვიდობას ეხება. ეს თემა ჩემთვის ძალიან აქტუალურია და მომავალ წელსაც ვფიქრობ საქართველო-აზერბაიჯანი-სომხეთის კუთხით საქმიანობის გაგრძელებას [ჩემი პოსტი TOLის ბლოგზე].
  • გავათამაშე პირველი გივევეი ბლოგზე
  • კინაღამ დავშორდით მე და კიბორგა /შევრიგდით ისევ. მადლობა ჩულქებს!/

წლის განმავლობაში კიდევ, რა თქმა უნდა, უამრავი რამ მოხდა, ბევრი ადამიანი გავიცანი, გავეცი უამრავი კონსულტაცია ინტერნეტ-მარკეტინგთან დაკავშირებით, საკმარისზე მეტი ვიკამათეთ მე და კიბორგამ.

2009-ში ბლოგინგმა საქართველოში ნელ-ნელა აიდგა ფეხი, რაც ძალიან მიხარია. გამოჩნდა ბევრი საინტერესო ბლოგი, კარგი ავტორები, რაც ძალიან მახარებს. თუმცა ამასთან პარალელურად თავი იჩინა ზოგჯერ არაჯანსაღმა კონკურენციამ და შეჯიბრმა, “ვის უფრო მეტი ვიზიტორი ჰყავს ბლოგზე”. რაც ჩემთვის გულისამრევია. ყველა ტრენინგზე ვლაპარაკობ სტატისტიკის მნიშვნელოვან როლზე, თუმცა ეს ბოღმის და “დაზომების” საბაბად რომ იქცევა, ეს უკვე სწორი არ არის. სწორია სტატისტიკის გადახედვა, გაანალიზება, საკუთარი ბლოგის გაუმჯობესება და არა პორნოვარეზნიკების დომენის შესყიდვა და საკუთარ ბლოგზე გადამისამართება, იმისათვის, რომ მრიცხველზე რაც შეიძლება დიდი რიცხვები ეწეროს – მერე რა, რომ სხვა რამეს ეძებენ, მთავარია, რომ შემოდიან! ასევე არ მესმის ბლოგროლ.ჯი-ზე ჩამოვლა და ყველა ბლოგერის ყველა პოსტის გამინუსება იმ იმედით, რომ რეიტინგში ყველა დაბლა დაიწევს…თუმცა, სამწუხაროდ, ასეთი შემთხვევები ხშირია, თან ისეთი ბლოგერებისგან, ვერასდროს რომ წარმოიდგენდით.

მსგავსი მარაზმების გამო რამდენიმე ხნის წინ, შეიძლება შეამჩნიეთ კიდეც – ბლოგიდან საერთოდ გავაქრე top.ge-ს მთვლელი. მე არ მჭირდება პოპულარული ბლოგი, არ მჭირდება “ყველაზე ყველაზე” წოდებები და ამისთვის სხვების გადავლა. მინდა, რომ უკეთ ვწერდე და უფრო მეტს ვაკეთებდე სოციალური მედიისთვის საქართველოში. ასე რომ, ჩემს ენერგიას ამ კუთხით ჩავდებ და თქვენ (მიხვდებით, ვისაც გეხებათ) გითმობთ ასპარეზს ერთმანეთისთვის “ყველაზე პოპულარულის” ტიტულისთვის თმების საპუტად.

წლის მთავარი მოვლენა კი, რა თქმა უნდა, ვილია. ამ მოცუცქნულმა არსებამ ცხოვრების სტიმული გამიჩინა, რაღაცეების შეცვლის სურვილი – იმისათვის, რომ ის უკეთეს სახელმწიფოში, საზოგადოებაში, სამყაროში ცხოვრობდეს.

მადლობა ვილის ამისთვის, რომელიც უკვე  და კიბორგას მადლობა კიდევ – იმისთვის, რომ იტანდა ჩემს ჰორმონებს, პოსტ პარტუმ დეპრესიას, მომატებულ კილოგრამებს და მომცა საშუალება მის მხრებზე ვმდგარიყავი და მეფრინა. ამ წელს უამრავი რამ მოხდა, საკმაოდ ბევრი გავაკეთე, რაც ძალიან მახარებს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ნახევარი წელი ფეხმძიმედ ვიყავი, მერე ფეხმოტეხილი და შემდეგ ახალშობილით – ამ ყველაფრის უკან კიბორგა დგას და ყველა ჩემი მიღწევა დიდწილად მისი დამსახურებაცაა.

და დიდი მადლობა თქვენ, ბლოგერებს და ბლოგის მკითხველებს, რომლებიც შემოდიხართ, კითხულობთ, იზიარებთ, არ იზიარებთ, მეკამათებით, ხანდახან სახეშიც მილაწუნებთ – ამ ბლოგმა ჩემი ცხოვრება განსაზღვრა.

ჩემი მხრიდან გპირდებით, რომ 2010 წელი ძალიან, ძალიან საინტერესო იქნება სოციალური მედიის კუთხით.

გილოცავთ ახალ წელს : )

Posted in Just, რა | 31 Comments

Giveaway Result

და აი ისიც, ვიდეო, რომელიც ასახავს გივევეის შედეგს:

წიგნი – სეთ გოდინის “Tribes” მოიგო სანდრომ, რომელსაც სამ ვებსაიტში დასახელებული აქვს Linguistuss, face.ge და blogroll.ge. ["მომგებიანი" კომენტარი]

ვიდეოპოსტის მუსიკალური გაფორმება: Paolo Conte – “Via con me”

Posted in ვიძიუ | Tagged , , , , , | 20 Comments